Friday, September 13, 2013

კერამიკა

     პროექტი         კერამიკა
            მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში
                        (აღმოსავლეთი ნაწილი)
    საქართველოს ტერიტორიაზე ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში  არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მასალის მნიშვნელოვან ნაწილს თიხის ჭურჭელი წარმოადგენს. თიხის ჭურჭელი პირველად ნეოლითში ჩნდება. ამიტომ ნეოლითი აღიარებულია, როგორც  კერამიკის საწყისი ხანა. ამ ხანისათვის დამახასიათებელია ჭურჭლის არქაული წესით-ხელით დამზადება, რომელზეც შეინიშნება პრიმიტიულად ამოკაწრული გეომეტრიული ორნამენტები, სპირალები,კლაკნილი და ტალღისებური ხაზები. შემდეგ ენეოლითისა და ბრინჯაოს  ხანაში  თიხის ჭურჭელი უფრო განვითარდა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭურჭლის გარეგნულ სახეს, მის შემკულობას. თუ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო შავპრიალა ჭურჭელი, ანტიკური პერიოდისათვის- უჩვეულო სილამაზის თხელკედლიანი, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. ფეოდალურ ხანაში კი ჩნდება თიხის მოჭიქული ჭურჭელი.
    კერამიკული ჭურჭელი თიხისაგან მზადდება. თავდაპირველად ოსტატი ჭურჭლის ფორმას ძერწავს შემდეგ, იმისათვის რომ ჭურჭელი მყარი და გამძლე იყოს, მას საგანგებო ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე (800-1000 გრადუსამდე) გამოწვავს. გამოწვისას თიხა ფერს იცვლის. თუ ღუმელში საბერველით ჰაერს შეუშვებენ, ის წითელ ფერს იღებს, ხოლო, თუ ღუმელს მჭიდროდ დაგმანავენ, ჭურჭელი მუქი ნაცრისფერი გამოდის. შემდეგ ზედაპირს საგანგებოდ აპრიალებდნენ, რომ ბზინვარების ეფექტი მიეღოთ. ჭურჭლის ფორმას კი მისი ფუნქცია განსაზღვრავდა. 
    ურბნისის კომპლექსი რაიონული ცენტრიდან 10 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. აქ არის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაქალაქარი-ქვაცხელები და ხიზანაანთ გორა, რომელიც ძვ. წ.IV  ს-ეს მიეკუთვნება. ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და გაშენებული იყო თიხით მოლესილ მოედანზე. ჩრდილოეთის მხრიდან უზრუნველყოფილი იყო კერამიკული მილების სარწყავი არხით მდ. ლიახვიდან,რომელიც დღესაც არსებობს და მოქმედებს. იყო აბანო და ჰქონდა გალავანი. V-VI სს.  მიჯნაზე დაარსდა საეპისკოპოსო და აიგო ქრისტიანული ტაძარი ურბნისის სიონი. 1104 წ. დ.აღმაშენებელმა ჩაატარა პირველი საეკლესიო კრება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის განვითარებისათვის. ტაძარი აუგია ვინმე კონსტანტინეს და მამა მიქელს.
   ურბნისის ტერიტორიაზე მრავალჯერ არის ნაწარმოები არქეოლოგიური გათხრები და მიკვლეულია ანტიკური და ფეოდალური ხანის შენობათა ნაშთები, შავპრიალა ორნამენტებიანი კერამიკა, ჯამი, კათხა, ბადია, ქვაბქოთანი,სასმისი, წაბლისფრად გაპრიალებული ზედაპირიანი,თხელკეციანი,   სარჩულიანი,  ცხოველებისა და ადამიანის მცირე ზომის ქანდაკებები, საბრძოლო იარაღები, ვერცხლისა და  ოქროს ნივთები, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები- წითლად გამომწვარი, შიგნიდან სხვადასხვა ფერად მოხატული, ანგობიანი, ორნამენტებიანი, რელიეფური არშიით, ამოკაწრული სპირალური ხაზებით.  კარგი ხარისხის და დიდი გემოვნებით შესრულებული ჭურჭელი ცხადყოფს, შუა საუკუნეების საქართველოში მოჭიქული კერამიკული წარმოების მაღალ დონეს.
  ჭიქური მინისებური მასაა, რომლითაც იფარება თიხის ჭურჭელი თუ სამკაული.ჭიქურით დაფარული ჭურჭელი წყალგაუმტარი, ქიმიურად გამძლე და ლამაზია.ჭიქური ორმაგ დანიშნულებას ასრულებს: პრაქტიკულსა და დეკორატიულს.  ურბნისის ნაქალაქარის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი იქნა  თიხის მოჭიქული სანელსაცხებლე, რომელიც თარიღდება ახ. წ. IV ს-ით.
     ხიზანაანთ გორაზე ნაპოვნია მდიდრული სამარხები სადაც აღმოჩენილი იქნა მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები. ჯამის ნატეხები მოხატული, ჭიქურგადავლებული, წითლად გამომწვარი,მოყვითალო-მოთეთრო, ლურჯი და ცისფერი ჭიქურით. ჭიქური პირდაპირ კეცზეა მოსხმული უანგობოდ.
       პირველად მოჭიქული ჭურჭელი აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩნდა დმანისის ნაქალაქარის გათხრების  დროს. იმ ხანად მოჭიქულ ჭურჭელს „დმანურსაც“ უწოდებდნენ. დმანურის გარდა გაჩნდა თბილისის, რუსთავის, უჯარმისა და სხვა მოჭიქული კერამიკა. დმანისის ანგობიანი კერამიკის მხატვრულად შემკობის ხერხები და მეთოდები განსხვავებული და საინტერესოა.ასევე საინტერესოა ორნამენტის სახეები. დმანისი ისტორიულ წყაროებში იხსენიება IX ს-ში, ბუღა თურქთან დაკავშირებით. იგი გეოგრაფიულად მოხერხებულ ადგილზე მდებარეობდა. მასზე გადიოდა გზა სომხეთისაკენ. მისი გაქალაქებაც სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ამ  გზაზე სავაჭრო მიმოსვლამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. დმანისში აღმოჩენილი ჭურჭელი თავისებურად ორიგინალურია. მსგავსი მასალა არ არის სხვა პუნქტებში, სუფთად განლექილი მოვარდისფრო თიხის ჭურჭელი ცრუ ყურებიანი, ღვიძლისფრად მოჭიქული, მწვანედ მოჭიქული  ფერადი ნაღვენთებითა და მცირე ზომის კოპებით, მკვეთრი ანგობით დაფარული თეთრი თიხისა. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი თიხისაგან დამზადებული სხვაგან არ გვხვდება. მაგრამ არის ორნამენტის სახეები, რომლებიც გავრცელებულია სომხეთის მოჭიქულ კერამიკაში. არსებული უცხო ნიმუშები ცხადყოფენ მჭიდრო კავშირს მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ სომხეთთან.
     მოჭიქული ჭურჭელი, რომელიც აღმოაჩინეს ჯარმაში თარიღდება XI- XIII საუკუნეებით. აქ აღმოჩენილი ჯამები მკვეთრი თეთრი ანგობითაა დაფარული. გავრცელებულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები. მცირე რაოდენობით აღმოჩენილია ჯამები, რომლებზეც ცხოველური ორნამენტებია (ვეფხვი, ლომი და სხვა) გამოსახული. ერთ-ერთ ჯამზე კი ცხენის სტილიზებული გამოსახულებაა. უჯარმის ციხეზე აღმოჩენილ მოჭიქულ ჭურჭელს შორის აღსანიშნავია თხელკედლიანი კეცი და და ჭურჭლის შემკობის სამი ხერხი: ამოკაწვრა, ამოფხეკვა და ყალმით მოხატვა.
   მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილ იქნა რუსთავის ნაციხარსა და ნაქალაქარზე.განსხვავება შეინიშნება კეცში და ჭიქურში. ციხე ქალაქის ამ ორ ნაწილს საფიქრებელია, რომ მოჭიქული ჭურჭლით ამარაგებდა სხვადასხვა სახელოსნო. მონაპოვარში გამორეული უცხო ნიმუშები ამტკიცებენ მის ეკონომიურ კავშირს მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ აზერბაიჯანთან. აღსანიშნავია, რომ შუა ფეოდალურ ხანაში რუსთავი წარმოადგენს აღმოსავლეთ  საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე ქალაქს, სადაც ფართოდ არის განვითარებული ხელოსნობა, კერძოდ მაღალ დონეზე დგას მოჭიქული კერამიკის ჭარმოება XI-XIII სს-ში.
      გუდარეხის ნამოსახლარის თხრისას აღმოჩენილ იქნა მცირე რაოდენობით მოჭიქული კერამიკა. გუდარეხის მონასტერი XIII საუკუნეში აუგია რუსუდან მეფეს. იქ აღმოჩენილი კერამიკა კეცითა და ორნამენტის გამოყვანის ხერხებით ზემოთ განხილულ ადგილებში აღმოჩენილი ჭურჭლის მსგავსია. მაგრამ ზოგიერთ კერამიკულ ჭურჭელზე აღმოჩენილია ხელოსნის დამღა, რომელიც მეტწილად დამახასიათებელია მეზობელი და შორეული ქვეყნებისათვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბიზანტია, შუა აზია, ირანი ). ქართველი ხელოსნებისათვის არ იყო დამახასიათებელი მათ მიერ შექმნილ ნაწარმზე ნიშნისა თუ სახელის დაწერა. ამ მხრივ გუდარეხის კოლექცია აშკარად გამონაკლისია, რასაც უკავშირებენ სამონასტრო ცხოვრების სპეციფიკურობას. აქვე არის ნაპოვნი კერამიკული ქურის სოლის ნატეხი, ეს კი მიგვანიშნებს იქ კერამიკული სახელოსნოს არსებობაზე.
       1948-49 წლებში ძველ თბილისში 300 არაგველის ბაღთან აღმოჩენილია კერამიკული საწარმოს ნაშთები. გამოვლინდა 7 ქურა და დიდძალი კერამიკული მოჭიქული ჭურჭელი.სახელოსნოსთვის საჭირო ხელსაწყოები და ნედლეული. აღნიშნული კერამიკული საწარმო მოწყობილი ყოფილა ქალაქის სამხრეთით, გალავანთან. სახელოსნოში დამზადებული მოჭიქული ჭურჭელი ერთნაირი ზომისა და ფორმისაა და ჯამთა ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა წინასწარ შემუშავებული ნიმუშის მიხედვით ხდებოდა. ჭიქუროვანი საღებავი ერთი ელფერის მატარებელია. თბილისის კერამიკული სახელოსნო გვევლინება, როგორც ერთიანი ორგანიზებული სკოლა, სადაც მხატვარ-კერამიკოსები ემორჩილებოდნენ დაკანონებულ მხატვრულ და ტექნიკურ წესებს. ქალაქებისა და ხელოსნობის განვითარება აღმოსავლეთ საქართველოში ამ პერიოდისათვის ერთდროული პროცესი იყო და კერამიკული წარმოების განვითარება აღნიშნულ ეტაპზე ინტენსიურად მიიწევდა წინ.
      საქართველოში ხელოსანთა კავშირს „ამქარი“ ეწოდებოდა, მუსლიმანურ სამყაროში-„ასნაფები“, დასავლეთ ევროპასა და ბიზანტიაში „ცეხები“. საქართველოში მოჭიქული ჭურჭლის „ტექნოლოგიის აღწერა“ დაწერილი აქვს მეცნიერ ენციკლოპედისტს აბულ-ფაზლ ხოშეინ იბნ იბრაჰიმ ტფილისს, (იმხანად იგი თბილისში ცხოვრობდა), რომელსაც თავისი ნაშრომის მე-5 თავში (ნაშრომი 20 თავიანია), ჩამოთვლილი აქვს ფერადი ჭიქურის მიღების მრავალი წესი, ყვითელი, ოქროსფერი, წითელი, მწვანე, მონაცრისფრო, თეთრი, ღვიძლისფერი, ცისფერი და სხვა. ამრიგად საქართველო XI-XIII სს-ში პოლიტიკურად და ეკონომიურად ძლიერ ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.
     მოჭიქული ჯამები იმკობოდა წერტილოვანი ორნამენტითაც, რომელიც ცნობილია სვანურ საწესო გრაფიკულ ხელოვნებაში. ყველა საახალწლო კვერს დიასახლისი წერტილებით მორთავდა, რათა გამრავლებულიყო ის ცხოველი და ფრინველი რომელსაც გულისხმობდა ის ნიშანი. საწესო პურები ცნობილია ხევსურეთში, მთიულეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
     როგორც ცნობილია, არაბთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში არაბულმა დამწერლობამ შეიძინა ორნამენტის დანიშნულება, რადგან ისლამი კრძალავდა ცოცხალ არსებათა გამოსახვას. ორნამენტის ამ თავისებურმა სახემ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. არაბული წარწერით გამოყვანილ ორნამენტს „კუფურს“ უწოდებდნენ. კუფური ორნამენტით იმკობოდა მოჭიქული ჭურჭელიც. ასეთი ჭურჭელი აღმოჩენილია შუა აზიაში, აფრასიაბში. საქართველოში კი თბილისის კერამიკულ სახელოსნოში. ჭურჭლის შესამკობად ადამიანი ძველთაგანვე გამოიყენებდა ბუნებრივ, მინერალურ და ორგანულ საღებავებს. საბერძნეთში არსებობდა მეთუნეთა უბანი-კერამეიკონი და სწორედ აქედან მიიღო სახელწოდება გამოყენებითი ხელოვნების აბ დარგმა. მოჭიქული ჭურჭლის წარმოების პირველ ეტაპად ითვლება  IX-X საუკუნეები, მეორე ეტაპად XI-XIII საუკუნეები. მოჭიქული ჭურჭელი ფართოდ იჭრება ქართველი ხალხის ყოფაში, როგორც აუცილებელი ელემენტი.